მე ვარ ნათია ბაქრაძე, დავიბადე 1990 წლის 13 ნოემბერს. სწრაფად გავიდა 20 წელი... “ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”-, როგორც იტყოდა ეგზიუპერი და მეც ხშირად მახსენდება პატარა ფრაგმენტები ბავშვობიდან, როდესაც ჩემს ერთადერთ “მასშტაბურ” ოცნებას ჟურნალისტად გახდომის სურვილი წარმოადგენდა.
გამუდმებით “ინტერვიუს” ვწერდი ცნობილ ადამიანებთან, ოღონდ კითხვისაც და პასუხის ავტორი თავად გახლდით.
ხუთი წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში შემიყვანეს. არ გამჭირვებია, პირიქით, მიხაროდა, მალე დავამთავრებ და ოცნებასაც ავისრულებ-მეთქი.
2007 წელს ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ჟურნალისტიკის განხრით. (როგორ მიყვარს როცა ამას ვწერ, ეს ერთადერთი ფრაზაა ჩემს ცხოვრებასა და მოღვაწეობაში, რომელსაც ოფიციალურ ენაზე ვამბობ ხოლმე ). ჩვეულებრივ მჩვევია გადაპრანჭული სიტყვები,ფრაზები და წინადადებები, მაგრამ ეს მაინც სულ სხვანაირად ჟღერს.
ხომ გაგიგიათ გამოთქმა “გიჟი დედააო”? მეც მასეთი ვარ, ოღონდ მეგობარი. ვფიქრობ, ცოტა რთულია ჩემი ატანა, ბევრს ვაკეთებ და ბევრაც მოვითხოვ, მაგრამ ვგრძნობ რომ ყველას ვუყვარვარ. მტრები მგონი არ მყავს, ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერად ვცხოვრობ, მსუბუქად დავაბიჯებ ცის ქვეშ და დედამიწის ზემოდან.
ზარმაცი ვარ და მძინარა. მჭირდება ვალდებულებები, რადგან თუ ისინი გამაჩნია, ყველაფერს თავის დროზე, ან ბოლო წუთს მაინც ვაკეთებ.
ზოგადად ნელი ვარ, მაგრამ ვგიჟდები ექსტრემალურ სიტუაციებზე, განსაკუთრებით, თუ საქმე ჩემს პროფესიას ეხება. ამ დროს ძალიან მცირე დროში იმდენ რაღაცას ვაკეთებ, მერე მიკვირს ხოლმე, არ მჯერა, რომ მოვახერხე. ამ დროს ისე მიყვარს ჩემი თავი, რომ ყველაზე კარგი გოგო მგონია ნათია ბაქრაძე, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არის პერიოდები, როცა ჩემი თვითშეფასება ნულის საზღვარსაც ვერ სცილდება. თავს დავიმშვიდებ და ვიტყვი, რომ ალბათ ასეა ყველა ...
თავი თუ არა ჟურნალისტად, სხვა პროფესიის ადამიანად ვერც წარმომიდგენია. ხშირად მეუბნებიან, ვინმემ რომ არ იცოდეს, ისედაც მიხვდება, რომ მომავალი ჟურნალისტი ხარო და ეს ასეცაა, ყველა ხვდება... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,
No comments:
Post a Comment